შეხვედრაზე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის
შესახებ, ტრიბუნასთან მდგომი ახალგაზრდა იხსენებდა, თუ როგორ აუპატიურებდა
მამა 2 წლიდან. თუმცა, გაელის სიტყვაში აშკარად ჩანდა, რომ ფიზიკურ და
ფსიქოლოგიურ ტრავმებზე არანაკლებ მტკივნეულად განიცდიდა იმ პერიოდს, როცა
გამოსავალს ეძებდა და საკუთარ თავს ეკითხებოდა - ვის უნდა ვუთხრა, ვინ
დამიჯერებს, ვინ დამეხმარება?
გაელს გაუმართლა - ტრაგიკული მოგონებების დავიწყებაში ჯერ დედა, შემდეგ
კი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები დაეხმარნენ, სამართლებრივი მხარის
მოგვარებაში კი გამოძიება და სასამართლო ჩაერთო.
სწორედ იმ პერიოდში, როცა 16 წლის გაელს დედა ამოუდგა მხარში,
საქართველოში, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის (ძდექ) ბენეფიციარი
ქალი, პირობითად, მარი, დედამ 17 წლისა ძალით გაათხოვა. მშობლის ვარაუდით,
ასე უნდა დაეფარა ტრავმის კვალი გოგონას, რომელიც 9 წლის იყო, როცა
მეზობელმა მამაკაცმა ძალა იხმარა მასთან სქესობრივი კავშირის
დასამყარებლად.
მარიმ ბავშვობის ტრაგედიაზე საუბარი მხოლოდ ზრდასრულ ასაკში მოახერხა -
მაშინ, როცა უკვე 2 შვილის დედა იყო. პრობლემაზე მანამდე არც ქმართან
უსაუბრია არასდროს, მხოლოდ დაჟინებით და უშედეგოდ ითხოვდა მისგან, გაეყიდათ
სახლი, რომელიც მოძალადე მეზობლისგან სულ ერთი კედლით ჰყოფდა.
„დღემდე მამაკაცების მიმართ უარყოფითი რეაქცია აქვს და მიუხედავად
იმისა, რომ 2 შვილი ჰყავს, საკუთარ ქმართანაც ნებით არასოდეს ჰქონია
კავშირი", - ამბობს ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი, - "ამის გამო მასთანაც
პრობლემები ჰქონდა. ქმარი, ცხადია მიზეზს ვერ ხვდებოდა."
მსოფლიოს ქვეყნების სტატიტიკა გვეუბნება, რომ გაუპატიურების და
სექსუალური ზეწოლის რისკს და შემთხვევებს კულტურული, სოციალური თუ
ეკონომიკური განვითარების საზღვრები ვერ აჩერებს, განსხვავება ოჯახის და
საზოგადოების დამოკიდებულებასა და იმ სახელმწიფო ინსტრუმენტებშია, რომელიც
ძალადობის მსხვერპლს ტრავმის დაძლევაში ეხმარება.
გაეროს სტატისტიკა გაუპატიურების რაოდენობრივი მაჩვენებლის შესახებ, 63
ქვეყნის ჩამონათვალში, საქართველოს მონაცემებს არ შეიცავს. ორგანიზაციის
მონაცემებით, 2009 წელს ოფიციალურად რეგისტრირებული სექსუალური ძალადობის
შემთხვევა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში 19 და 25 იყო, რუსეთში -
6000-ზე ოდნავ მეტი, იაპონიაში - 1500-მდე, საფრანგეთსა და გერმანიაში -
დაახლოებით 1000 და 7000, დიდ ბრიტანეთში - 13 000-მდე, ამერიკის შეერთებულ
შტატებში კი - 89 000.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე კი, ბოლო 2006 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული გაუპატიურების 167 შემთხვევაა.
მონაცემები, რომელიც მსოფლიო რუკის დასავლეთის მიმართულებით იზრდება,
სინამდვილეში არ გულისხმობს, რომ პრობლემა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და
ამერიკას უფრო აწუხებს, ვიდრე ვთქვათ, აღმოსავლეთ ევროპას, სადაც
დანაშაულის მაჩვენებელი 100-დან 1000-მდე მერყეობს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დღევანდელი მონაცემებით,
გაუპატიურება ორ წუთში ერთხელ ხდება, მოძალადესთან ურთიერთობის პრევენციის
მიზნით, შექმნეს საიტი, სადაც მომხმარებელს, საკუთარი რეგიონის კოდის
მითითებით შეუძლია გაიგოს, რამდენი მეორე და მესამე ხარისხის სექსუალური
მოძალადე ცხოვრობს მის მახლობლად, ნახოს მათი ფოტო და მიიღოს ინფორმაცია
ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ამ კატეგორიაში შედიან ისინი, ვისაც ჰქონდა
მცდელობა, ან გააუპატიურა 17 წლამდე ადამიანი ან შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირი.
ევროპის საბჭოს ის შეხვედრა, სადაც ფრანგი გაელი საკუთარ ტრაგედიას
მოჰყვა, დამოკიდებულების შეცვლის მიზნით დაწყებული ერთ-ერთი კამპანიის
ფარგლებში შედგა. „5-დან ერთი" ამ კამპანიის სახელი და ის რეალური ციფრია,
რომელმაც UNICEF-ის კვლევების შედეგად დაადასტურა, რომ ევროპის ქვეყნებში
5-დან 1 ბავშვს სექსუალური ზეწოლის რომელიმე ფორმა მაინც განუცდია,
იქნებოდა ეს სხეულის ინტიმურ ადგილებზე ხელის შეხება, თუ უფროსების მიერ
ინტერნეტით შიშველი ფოტოების ჩვენების მოთხოვნა. 30-წამიანი ანიმაცია
„Underwear Rule" საბჭომ ამ კამპანიის ფარგლებში დაამზადა, რომელმაც
მთავარი გმირის, კიკის დახმარებით, ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა
ასწავლოს გარჩევა, როდისაა უფროსის თხოვნა, შეეხოს მისი სხეულის რომელიმე
ნაწილს, მისაღები და როდის - არა.
თანამედროვე სამყაროს ბევრი ქვეყანა არათუ ქალის, ბავშვის სხეულსაც
პორნოგრაფიული მოხმარების საგნად იყენებს. ასეთი ვიდეორგოლი კი უფრო უსუსურ
ნაბიჯს ჰგავს, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებს ისღა დარჩენიათ, მარტივი
გამოსახულებების საშუალებით, თავად ბავშვების გაფრთხილება დაიწყონ. თან
იმაზეც უწევთ ფიქრი, ამ გზით თავად არ მიაყენონ ტრავმა.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა
აღდგომელაშვილი ამბობს, რომ მსგავს პრევენციულ ნაბიჯებს სხვადასხვა
კულტურაში განსხვავებული ეფექტი აქვს:
„ამერიკაში იყო შემთხვევა, როცა მეზობელმა პოლიციაში დარეკა იმის გამო,
რომ ფანჯრიდან დაინახა, როგორ სვამდა მამა თავის პატარა ქალიშვილს ღამის
ქოთანზე. მან ჩათვალა, რომ ის გოგონას არასწორად შეეხო. წარმოიდგინეთ ეს
სიტუცია საქართველოში, როცა დედები ხშირად 12-13 წლის ვაჟებს თავად
აბანავებენ."
რაც მეტია კულტურაში ბავშვის, როგორც საკუთრების აღქმა, მით ნაკლებად
უსმენენ მის აზრს უფროსები. ბავშვთა უფლებათა დამცველები კი მიუთითებენ,
რომ ხშირად სწორედ უგულისყურო დამოკიდებულება ხდება იმის მიზეზი, რომ
მშობელი შვილის სერიოზულ პრობლემას ვერ ამჩნევს. ასეთ დროს კი შეიძლება,
სექსუალური ძალადობის შემთხვევაც გამოგვეპაროს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდმა კვლევა
UNICEF-ის მეთოდით 2007-08 წლებში ჩაატარა. მაშინ აღმოჩნდა, რომ ქართულ
სკოლებში გამოკითხული 1300 მოსწავლიდან 95 სექსუალური ზეწოლის რაიმე ტიპის
გამოცდილებას ადასტურებდა. თუმცა მათი უმრავლესობა მსგავს შემთხვევაში
თანატოლთან ურთიერთობის შედეგად აღმოჩენილა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოში კი
გასულ წელს სექსუალური ზეწოლის შესახებ მხოლოდ 4 შეტყობინება შევიდა და
მოგვიანებით მათგან 3 არ დადასტურდა. ერთ შემთხვევაში მოძალადეები ოჯახის
უახლოესი წევრები აღმოჩნდნენ. ბავშვზე ინცესტური ძალადობის შემთხვევებს
იხსენებენ "ძდექ"-სა და ტრეფიკინგის ფონდშიც.
სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი ანა
არგანაშვილი ამბობს, რომ მაჩვენებელი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებსა და
არასამთავრობო ორგანიზაციებს ბავშვთა სექსუალური ძალადობის შესახებ აქვთ,
წარმოუდგენლად დაბალია. გარდა თემის მკაცრად ტაბუირებისა, ეს ხშირად
ბავშვის მონაყოლისადმი დაუდევარი მიდგომითაცაა გამოწვეული.
2010 წელს, როცა ჯანდაცვის, განათლების და შს მინისტრებმა ბავშვთა
დაცვის მიმართვიანობის პროცედურები დაამტკიცეს, დაკონკრეტდა იმ
პროფესიონალების წრეც, რომლებსაც ბავშვთან უშუალო შეხება აქვთ - ექიმები,
მასწავლებლები, ვისაც უკვე პირდაპირ ევალებათ ბავშვის სხეულზე დაზიანების
ნიშნების, ნაკაწრების, საეჭვო ქცევის შემჩნევისას, შეატყობინონ პოლიციას
და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
თუმცა, არგანაშვილი აქვე მიუთითებს, რომ ზოგადი განათლების შესახებ
კანონში ძალადობის დეფინიცია არასრულყოფილია და სკოლის კომპეტენციაში
რეაგირება მხოლოდ მაშინ შედის, თუ საქმე ვერბალურ ან ფიზიკურ
შეურაცხყოფასთან გვაქვს.
ამას გარდა, ქვეყანაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის,
სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრი არ არსებობს, ერთადერთი ალტერნატივა
ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა და ბავშვთა სახლში გადაყვანაა.
„ეს, რა თქმა უნდა, ნონსენსია. ამგვარ სახლში რეაბილიტაციის გავლა,
თანაც მაშინ, როცა ბავშვს დამატებითი სტრესი აქვს, წარმოუდგენელია", -
ამბობს არგანაშვილი.
2008 წელს ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა, ესტონელ ექსპერტებთან
ერთად კვლევა ორსულების და ექიმების ჯგუფებში ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ
ოჯახში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა 50%, ძირითადად, 14-18 წლამდე
ასაკობრივ ჯგუფშია მოქცეული, 14 % კი - 13 წლამდე ბავშვები არიან.
გამოკითხულ ექიმთა 11 %-მა აღნიშნა, რომ პრაქტიკაში შეხვედრია პედოფილიის
მსხვერპლ გოგონებს, 4 % კი - ინცესტის მსხვერპლებს. სექსუალური ძალადობის
მსხვერპლ ქალთა 35%-ს მამაკაცთან კონტაქტი 18 წლამდე ასაკში ჰქონდა. მათ
შორის, ყოველი მეხუთე 18 წლის ასაკამდე დედა ხდება.
გამოდის, რომ ქალების ნახევარზე მეტს, სექსუალური ძალადობა 18 წლამდე
განუცდიათ, ხოლო მისგან მიღებულ ტრავმას ხშირად წლების შემდეგ ფსიქოლოგთან
კონსულტაციამდე ვერც აცნობიერებენ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,
მხოლოდ სექსუალური ძალადობის გამო მომართვა თითქმის არასოდეს ხდება და ამის
გაცნობიერებას ქალები მაშინ იწყებენ, როცა ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ
ძალადობაზე საუბრობენ. ეს ლოგიკური მაჩვენებელია UNFPA-ს კვლევის შედეგების
ფონზე. პუნქტი, რომელშიც ქალებს სთხოვდნენ, მიეთითებინათ მიზეზი, რის
გამოც ისინი კაცისგან ცემას გამართლებულად ჩათვლიდნენ, ქალების ნაწილმა
სექსუალურ კონტაქტზე უარის თქმა დაასახელა.
ბავშვზე სექსუალურ ძალადობას კანონმდებლობით და მორალით მხარდაჭერილი
საზოგადოება, აფიშირებულად მაინც, დანაშაულად, გარყვნილებად, ან
ფსიქოლოგიურ პრობლემად აფასებს, თუმცა ქართული ფორუმებისა თუ სოციალურ
ქსელებში განხილვის საგნად რამდენჯერმე ქცეულა ქართულ პორნოსაიტებზე
ინცესტისა და გაუპატიურების შემცველი ვიდეოების განთავსებაზე დიდი
მოთხოვნა, რაც არც საერთაშორისო ტენდენციისგანაა შორს.
ქალზე ძალადობის შემთხვევებში საზოგადოება გაცილებით მკაცრია მსხვერპლის
მიმართ. ეს პირდაპირი შედეგია იმისა, რომ პატრიარქალური კულტურა კაცს
„თმენის ვალდებულებას" არ აკისრებს და ძალადობის ლეგიტიმაციას ახდენს.
მსგავს ანდროცენტრულ განწყობას კი მსოფლიოს ყველაზე განვითარებული
ქვეყნებიც ვერ აღწევენ თავს.
ეგვიპტური რევოლუციის დროს, ტაჰრირის მოედანზე 200 დემონსტრანტის მიერ
CSB-ის რეპორტიორის, ლარა ლოგანის გაუპატიურების შემდეგ, ამერიკული
გამოცემების ნაწილი წერდა, რომ ქერათმიანი, თეთრი ქალი რევოლუციის
გასაშუქებლად არ უნდა გაეშვათ, და რომ ეს მათი დანაშაულია, ვინც მათთვის
კარგად ნაცნობ აღმოსავლური ძალადობრივი კულტურის ქვეყანაში ეს ქალი
მოვლენების გასაშუქებლად გაგზავნა.
ორიოდე კვირის წინ სწორედ ამგვარი აზრის წინააღმდეგ გამოვიდნენ თურქეთის
ქალაქ კონში ჩადრიანი ქალები, აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს
მათ, ვისაც ქუჩაში მოკლე კაბის ტარება სურს. მათი გამოსვლა თურქი თეოლოგის
ორჰან ჯეკერის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ „ქალებს,
რომლებიც დაუფიქრებელი ჩაცმულობით ქუჩაში გამოდიან, არ უნდა გაუკვირდეთ,
თუკი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდებიან." აქციის მონაწილეთა
თქმით, ისეთი მოკრძალებული სამოსი, როგორიც მუსლიმური ჩადრია, ვერც მათ
იცავს სექსუალური ზეწოლისგან.
„გავიხსენოთ, ყოველთვის, როცა მსგავსი შემთხვევა ხდება, საზოგადოებისგან
ამას მოყვება რეპლიკები: თუ წესიერი ქალია, რა უნდოდა იმ ადგილას? თვითონ
მოახდინა პროვოცირება! პატრონი არ ჰყავდა? მარტო რატომ იყო და ა.შ.
საზოგადოების კრიტიკა ყოველთვის ქალისკენაა მიმართული და არასოდეს
საუბრობენ თვითონ მოძალადეზე. გამოდის, რომ მამაკაცი განიხილება არსებად,
რომელიც ვერ ახდენს თავის ინსტინქტების და სექსუალური ქცევის კორექციას და
ასეთ პირობებში, ქალად ყოფნა, უკვე რისკია", - ამბობს ეკა
აღდგომელაშვილი.
მისი შეფასებით, გაუპატიურების ფენომენი, ძალაუფლების პრიმატს
უკავშირდება, რომლის დემონსტრირებასაც მამაკაცისგან საზოგადოებაც მოითხოვს.
ეს ხდება სწორედ სოციალური იერარქიის მაღალ საფეხურზე დამკვიდრებისთვის
და, ფაქტობრივად, დაცლილია სექსუალური სურვილისგან. მაგალითად ციხეში,
ერთსქესიანი ძალადობა ჰომოსექსუალობასთან არაა გაიგივებული და მოძალადე მას
მსხვერპლის „დასჯის", დამცირების მიზნით იყენებს.
სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ქართული კვლევების შედეგად მიღებული
მაჩვენებლები ოჯახში და ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ,
სინამდვილისგან საკმაოდ შორსაა. ამას ემატება ფაქტობრივად აღურიცხავი
სექსუალური ზეწოლის (Sexsual harrasment) შემთხვევები, რასაც ქალები
სამსახურში, დამქირავებლისგან განიცდიან. ამ უკანასკნელს დღეს არც შრომითი
ხელშეკრულება არეგულირებს და არც ოჯახში ძალადობაზე ორიენტირებულ
არასამთავრობოებს აქვთ მათ შესახებ ინფორმაცია.
მსოფლიოში დღესაც უამრავი კვლევა ტარდება სექსუალური ძალადობის
გამომწვევ ფაქტორებთან დაკავშირებით. გამოიყო ცალკეული ტიპებიც -
ინცესტური, ჯგუფური, ბავშვზე ძალადობა, ძალადობა ციხეში და ომის დროს
ძალადობა, რომელსაც საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ სპეციფიკური
ომის დანაშაულის სტატუსიც მიანიჭა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პატრიარქალური
აზროვნების მოდელი მამაკაცის მხრიდან აგრესიის გამოვლენას ამართლებს და
ამას მის ევოლუციურ ბუნებას უკავშირებს. ამ პირობებში კი, სექსუალური
ძალადობისგან თავის არიდებაზე პასუხისმგებლობა ისევ ქალზე გადადის,
რომელმაც „მამაკაცის ბუნების" გათვალისწინებით, საკუთარი ქცევა უნდა
გააკონტროლოს.
No comments:
Post a Comment